უცხოელი და ქართველი გიდების სავალდებულო რეგისტრაცია დამატებით ერთი წლით გადავადდება

დაურეგისტრირებელი გიდებისთვის სანქციის ამოქმედება ერთი წლით გადავადდება. ასევე, იგეგმება უცხოელი გიდების სავალდებულო რეგისტრაციის გადავადებაც. შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში" შედის, რომელიც პარლამენტში განსახილველად უკვე დარეგისტრირდა.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის შესახებ კანონის თანახმად, 2025 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. 2023 წელს მიღებული კანონით, ეს პუნქტი 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გასული წლის დეკემბერში 6 თვით გადაავადეს. ამასთან, მოქმედი კანონით, ტურისტული გიდი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სწორედ აღნიშნული პუნქტების გადავადებაა დაგეგმილი.

“იმის გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციო პროცესი ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კიდევ მრავლად არიან ის სუბიექტები, რომლებსაც ეს პროცესი არ დაუსრულებიათ, ამ ნაწილში ჯარიმის ამოქმედება მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს სექტორისთვის. ამიტომ მიზანშეწონილია რეგისტრაციის გარეშე ამ საქმიანობის განხორციელებისათვის სანქციის დაკისრების მექანიზმი გადავადებულ იქნეს დამატებით ერთი წლის ვადით. ამავე მიზეზით, ასევე, მიზანშეწონილია უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისათვის რეგისტრაციის ვალდებულების დაწესება 2025 წლის 1 ივნისის ნაცვლად დაიწყოს 2026 წლის 1 ივნისიდან”, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, იცვლება და ზუსტდება ტერმინ „ტურისტული გიდის“ განმარტება და ყალიბდება შემდეგი ფორმულირებით: „ჯ) ტურისტული გიდი - შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად ტურისტებს აწვდის სანდო და დეტალურ ინფორმაციას კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების შესახებ. უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ტურთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტურისტული რესურსის დაცვის ნორმების გაცნობას.“ მოქმედი კანონით კი ტურისტული გიდი განმარტებულია შემდეგნაირად: "ფიზიკური პირი, რომელიც დაკავებულია ტურისტების უშუალო მომსახურებით, კერძოდ, ტურის წინასწარი გეგმის ან პროგრამის, მარშრუტისა და დროში გაწერილი გეგმის თანახმად, ტურის შინაარსობრივად, ტექნიკურად და ლოგისტიკურად წარმართვას უზრუნველყოფს".

ასევე, განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონის არსებული რედაქცია დამატებითი პრობლემებს ქმნის პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციისა და გიდების სერტიფიცირების მიმართულებით. კერძოდ, კანონის არსებული რედაქცია პერსონალის სერტიფიცირების ორგანოებს ავალდებულებს აკრედიტაციის გავლას აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში. "იმის გათვალისწინებით, რომ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აკრედიტაციის გავლა საჭიროებს თვისობრივად მაღალი სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას, კანონის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი პრობლემების შემქმნელია ამ საქმიანობით დაინტერესებული და მოქმედი ტურისტული კომპანიებისა თუ ასოციაციებისთვის. გარდა ამისა, აკრედიტაციასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები არ ითვალისწინებს ტურისტული სექტორის სპეციფიკასა და მახასიათებლებს", - წერია განმარტებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონით, ტურისტული გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო. თუმცა, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში სავალდებულო აკრედიტაციის ნაცვლად, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ავტორიზაციას განახორციელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.