ცხინვალის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნილი პაციენტი თბილისში გადაიყვანეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს პაციენტი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა. როგორც გამოცემა "საპა" იტყობინება, 40 წლის მამაკაცი ცხინვალში, "რესპუბლიკური" სამედიცინო ცენტრის მეოთხე სართულიდან 6 მაისს გადმოვარდა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ტვინში მრავლობითი სისხლჩაქცევა, მენჯის, ბარძაყის, წვივისა და ქუსლის მოტეხილობები აღენიშნებოდა.

"ფილტვისა და თირკმელების შოკი. ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვლადიკავკაზელ ექიმებამდე ვერ მიაღწევდა. მას პოლიტრავმული განყოფილება ესაჭიროებოდა“, - თქვა ცხინვალის მთავარმა რეანიმატოლოგმა, ალექსანდრ პლიევმა.

პაციენტის ნათესავების მოთხოვნით, კაცი გადმოვარდნის მეორე დღეს თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი კლინიკაში პრეპარატ "ლირიკის" ზედოზირებით მოხვდა. გამომძიებლებმა მის სახლში 1500 კაფსულამდე უკანონო ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას" წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, 1-დან 12 მაისამდე ცხინვალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში ექვსი პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის კაცი, რომელიც სიმაღლიდან დაცემის შედეგად დაშავდა. ამავე პერიოდში ცხინვალში დაბრუნდა ათი პაციენტი, რომლებიც დანარჩენი საქართველოს კლინიკებში მკურნალობდნენ.