საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისის დაწყებამდე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ქაშვეთის ტაძართან შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მეუფემ განმარტა, თუ რა დატვირთვა აქვს რელიგიური თვალსაზრისით ოჯახს და რომ იგი ღმერთმა აკურთხა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ოჯახი ეკლესიის სახეა, ასევე არის სამრევლო თემის სახე. მეუფემ აღნიშნა, რომ ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ.
„აი, ამ მცირე ეკლესიაში, ქმარი არის როგორც მღვდელი, ხოლო ცოლი და დედა, როგორც მისი თანაშემწე - დიაკვნის მსახურებას განასახიერებს, შვილები კი არიან მათი სამწყსო - ის მრევლი, რომელიც მათ ღმერთთან უნდა მიიყვანონ. ეკლესიის მიზანი მისი წევრების გადარჩენაა. ჩვენ ვიკრიბებით დედა-ეკლესიაში, რომ სული გადავირჩინოთ და ამაში სხვებსაც დავეხმაროთ. ასევე, ოჯახშიც, მცირე ეკლესიაშიც, ადამიანები იკრიბებიან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და სული გადაირჩინონ. ეს არის სივრცე, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელზეც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ამ სულიერ სივრცეში მკვიდრობს უფალი. ეს არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ.
ამდენად, ეს არის უდიდესი განძი და ფასეულობა ღვთის მიერ ბოძებული, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და მთელი ცხოვრება თვალის ჩინივით უფრთხილდებოდეს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ ვინც ღმერთმა შეაუღლა დაე, ნუ განაშორებს კაცი!
ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ მეტად გვმართებს, რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრება და ლოცვითი მსვლელობა“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ქადაგების შემდეგ სადღესასწაულო პარაკლისი შესრულდა, რომელსაც ესწრებოდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, და სხვა პირები. ასევე, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი.
ამ წუთებში მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან.