როდიდან აიკრძალება შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრობა? - რეგულაცია ისევ გადავადდა

ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის რეგულაციის ამოქმედება, რომელიც 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ მანძილებზე მიკროავტობუსების გადაადგილებას კრძალავდა, ნახევარი წლით, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა. ამის შესახებ „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებებიდან ირკვევა.

ახალი დოკუმენტის მიხედვით:

„ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“.

ეს გადაწყვეტილება მგზავრებსა და გადამზიდავ კომპანიებს დამატებით დროს აძლევს ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის.

სახმელეთო ტრანსპორტის განმარტებით, ავტოსადგურების რეგულაციის გადავადების გადაწყვეტილება სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზის შედეგად იქნა მიღებული და მისი მიზანი ავტოპარკის განახლების ხელშეწყობაა.

 

" 2026 წლის 1 იანვრიდან, მგზავრთა გადაყვანა დიდ ქალაქებსა და 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მხოლოდ M3 კატეგორიის, შესაბამისი კლასისა და დასაჯდომი ადგილების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სექტორში არსებული პროცესების დეტალურ ანალიზს დაეფუძნა და მიზნად ისახავს გადამზიდველთათვის დამატებითი დროის მიცემას ავტოპარკის განახლებისა და შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისათვის.

აღსანიშნავია, რომ წარმატებით მიმდინარეობს საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმა, რომლის ფარგლებში, ის პირები რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ ქვეყნის შიდა რეგულარულ და საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანას, 2024 წლიდან ეტაპობრივად განებართვიანდნენ. 2025 წლის 2 ივნისის მდგომარეობით ნებართვის მფლობელთა რიცხვმა 2400 გადამზიდველს გადააჭარბა, ნებართვის მიღების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში მზარდია.
სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმის კვალდაკვალ, აგრძელებს საავტომობილო სამგაზვრო გადაყვანებში ჩართულ პირებთან თანამშრომლობას, რაც პირველ რიგში მიზნად ისახავს გადამზიდველებისა და ავტოსადგურების ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას", - წერია განცხადებაში.