ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.
„ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.
ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით , ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით – TABA.სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000 მდე მოქალაქემ დატოვა“, – ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.