ძლიერმა წვიმამ ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე მოძრაობა შეაფერხა - როგორია ბოლო ცნობები?

ძლიერმა წვიმამ ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე მოძრაობა შეაფერხა. ინფორმაციას BM.GE-სთან საუბარში ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა ადასტურებს.

მისივე თქმით, ძლიერმა ნალექმა, რომელიც კურორტ ბახმაროში 22 ივლისის ღამეს მოვიდა, შექმნა ნიაღვრები და გამოიწვია მცირე ღელეების და მდინარეების ადიდება. შედეგად, შიდა გზებზე ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა სატრანსპორტო მოძრაობის გადაადგილება შეზღუდა.

"დილიდანვე ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, მათ შორის ბახმაროს მისადგომებთან. ფაქტობრივად, ცენტრალური გზა უკვე გათავისუფლებულია ღორღისა და ქვებისგან, მაღალი გამავლობის ავტომობილები უპრობლემოდ გადაადგილდებიან", – აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მოქმედებს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად რეაგირებენ მოქალაქეთა მოთხოვნებზე.

რაც შეეხება შიდა გზების სრულად გაწმენდას, პროცესი დღის ბოლომდე და ხვალაც გაგრძელდება, რადგან უხვმა ნალექმა შიდა გზებზე ქვა-ღორღის დიდ მასა ჩამოიტანა. საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა მეწყერის შემთხვევა, სახლების დაზიანება ან მოსახლეობის დაზარალება.