20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - მოხარული ვარ, რომ პროგრამის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოში სპორტი ვითარდება, მეტად იზრდება სპორტული მიღწევები და მთავრობამ ამას ხელი უნდა შეუწყოს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ დაანონსებული პროგრამის მიმართ ინტერესი არის ძალიან მაღალი. არის უამრავი მომართვა. იცით, რომ 20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ინვესტიციის ჩადება. 10 წლის განმავლობაში ისინი გათავისუფლებულები იქნებიან იჯარის გადასახადისგან და მომდევნო 10 წლის განმავლობაში გადაიხდიან საბაზრო ღირებულებების შესაბამისად იჯარის გადასახადს. ინტერესი არის ძალიან მაღალი და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზოგადად, სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე ვითარდება სპორტი საქართველოში, სულ უფრო მეტად იზრდება სპორტული მიღწევები და ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ბავშვები და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს განსაკუთრებით ბავშვების სპორტში ჩართულობას. უნდა გაიზარდოს მომავალი თაობები სპორტში, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სიმაღლეებზე აიყვანენ ქართული სპორტის მიღწევებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლა მიულოცა და წარმატება უსურვა.
„მინდა, მივულოცო ჩვენს ნაკრებს მერვედფინალში გასვლა, ეს ძალიან დიდი წარმატებაა, ევროპის 16-გუნდს მოხვდა ჩვენი საკალათბურთო ნაკრები და თითოეულ კალათბურთელს მინდა, მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის. არც ერთ თამაშზე მათ თავი არ დაუზოგავთ და მინდა, მათ მერვედფინალზე წარმატება ვუსურვო. მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი რიგაში, თამაშებზე და ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება. 195 ევრო იქნება ერთი რეისის ფასი და გულშემატკივრებს შეეძლებათ რიგაში თამაშზე დასწრება სუბსიდირებული ბილეთების გამოყენებით,“- განაცხადა პრემიერმა.