მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ბეტისი“ დამაჯერებლად დაამარცხა

სანაკრებო თამაშების შემდეგ გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში დაბრუნდა და „ვალენსიის“ შემადგენლობაში „ბეტისთან“ ითამაშა – მატჩი „ვალენსიამ“ 4:2 მოიგო.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში „ვალენსიამ“ მეტოქეს „მესტალიაზე“ უმასპინძლა და თამაში სასურველი სცენარით დაიწყო. მე-8 წუთზე სტუმრების კარი სეზარ ტარეგამ (უგო დურის საგოლე გადაცემის შემდეგ) აიღო, ექვს წუთში დურომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში  გათანაბრდა – 1:1.

პირველ ტაიში „ბეტისს“ ორი გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ვალენსიელები ქართველმა მეკარემ გადაარჩინა.

„ვალენსიამ“ მეორე ტაიმის დასაწყისი შესანიშნავად ჩაატარა და ექვსწუთიან მონაკვეთში სამბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. 50-ე და 53-ე წუთებზე დურომ დუბლი შეასრულა, 56-ე წუთზე კი „ბეტისს“ მეოთხე გოლი დიეგო ლოპესმა გაუტანა.

მართალია, ჩიმი ავილამ (66) სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ვალენსიამ“ უპირატესობა შეინარჩუნა, 4:2 მოიგო, 10 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია – „ღამურებმა“ სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე გადაინაცვლეს.