სპორტის მინისტრის შალვა გოგოლაძის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. შესაბამის ბრძანებას ხელი ირაკლი კობახიძემ 7 თებერვალს მოაწერა.
როგორც სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლაშა მაღრაძეს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი მუშაობდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სააღსრულებო და სასამართლო სისტემა, სამოსამართლო სწავლება, ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
მინისტრის მოადგილე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის სამმართველოს მრჩეველი იყო. ლაშა მაღრაძე „ტრენინგებისა და მართვის საკონსულტაციო გუნდის (TMCT)“ და „სამართლის ინოვაციური სკოლის “ დამფუძნებელია.
ცნობისთვის, სპორტისა და კულტურის სამინისტრო 1-ელი იანვრიდან გაიყო. სპორტის მინისტრად "ოცნებამ" შალვა გოგოლაძე, ხოლო კულტურის მინისტრად თინათინ რუხაძე დანიშნა.