საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელმაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური უკვე ოფიციალურად მოიპოვა, დღეს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრას სტუმრად სერბეთთან ჩაატარებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს 23:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებმა დანიის დამარცხებით ევრობასკეტის საგზური ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა თამაშის წინა დღეს დაშავებული ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გარეშე სძლია გადამწყვეტი მატჩისთვის საგანგებოდ გაძლიერებულ მეტოქეს, რითიც ჯგუფში ევრობასკეტზე გამსვლელი მეორე ადგილი გაინაღდა. ჩვენი ჯგუფის პარალელურ მატჩში სერბეთს ფინეთთან რომ წაეგო, ბოლო ტურს თეორიულად ცხრილში ცვლილებების შეტანის შანსი რჩებოდა, თუმცა საქართველოს მომავალმა მეტოქემ გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
შესაბამისად, 24 თებერვალს ბელგრადში გასამართ სერბეთ-საქართველოს მატჩში რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, ეს სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს – ნებისმიერი რეზულტატის შემთხვევაში სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, საქართველო კი – მეორეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიი ბოლო ტურში თავის გამოჩენის შანსს, ძირითადად, ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცემს. ნაკრების შემადგენლობაში არ იქნებიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.
ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს ფინალური მატჩით დასრულდება. შეჯიბრებას ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს: კვიპროსი, პოლონეთი, ფინეთი და ლატვია.
24 გუნდი სხვადასხვა ქვეყანაში, ოთხ ჯგუფში განაწილდება და წილისყრა გაარკვევს, რომელ ქვეყანაში მოუწევს საქართველოს ნაკრებს თამაში. ცნობილია წილისყრის თარიღიც – 27 მარტი, რიგა, ლატვია.
ექვსგუნდიანი ყოველი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 4-4 საუკეთესო გავა. ბრძოლა 1/8-ფინალში გაგრძელდება. პლეი ოფის სათამაშოდ ნაკრებები თავს ლატვიაში მოიყრიან.