ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა - ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, სომხეთთან ორრაუნდიანი პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი კიტეიშვილი იქნება, რადგან გურამ კაშია დისკვალიფიცირებულია.

„ნაკრების კაპიტნობა მართლაც დიდი მოვლენა და ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. რთულია, შეცვალო ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამ კაშიაა, თუმცა შევეცდები.

ველოდებით, რომ მეტოქე გუნდურად დაიცავს თავს და სწრაფ კონტრშეტევებზე ითამაშებს. თუმცა ზუსტად არ ვიცით, როგორ განლაგდებიან – შესაძლოა, მაღალი პრესინგი შემოგვთავაზონ. მთავარი ისაა, რომ საკუთარ თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებულები“, – განაცხადა კიტეიშვილმა.

ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.