საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევრო 2025-ის ელიტრაუნდში სლოვაკეთს დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხა და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი პირველ მატჩში პოლონეთთან 0:3 დამარცხდა, ამიტომ ახლა მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. სლოვაკეთი კი პირველ ტურში მონტენეგროს დაუზავდა (1:1) და არანაკლები მოტივაცია ჰქონდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი ბევრად საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა. ჩვენი ნაკრები გააქტიურდა და შეტევებს ამწვავებდა. მომენტი სლოვაკებსაც ჰქონდათ.
ქართვემა ფეხბურთელებმა კარგი მომენტი 63-ე წუთზე შექმნეს, კუთხურის შემდეგ გიორგი ნიკოლაიშვილმა ბურთი კარში გადაგზავნა, თუმცა მეკარემ სტუმრები გადაარჩინა. ოთხ წუთში მორიგი კუთხურის გათამაშების შემდეგ ნიკოლაიშვილმა მიზანს მაინც მიაღწია და გოლი გაიტანა.
90-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიქოვანმა საჯარიმოში ჯერ მცველი ჩამოიშორა, შემდეგ მეკარეც მოატყუა და იშვიათი სილამაზის გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მანამდე ჯგუფში მეორე მატჩი გაიმართა და საქართველოსთვის სასიამოვნო რამ მოხდა – მონტენეგრომ პოლონეთი 1:0 დაამარცხა და 4 ქულით ჯგუფის ლიდერი გახდა. პოლონეთი და საქართველო კი 3-3 ქულით მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ.
ელიტრაუნდის მესამე ტურში ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები ლიდერ მონტენეგროს „მიხეილ მესხი 2“-ზე დაუპირისპირდება. მატჩი 25 მარტს 19:00 საათზე დაიწყება. ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადის.