ლაშა ტალახაძე სპორტში დაბრუნდა

ლაშა ტალახაძე სპორტს უბრუნდება - ამ სათაურით სპორტის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე ვიდეორგოლი გამოქვეყნდა.

სამინისტროს ინფორმაციით, „სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება“. მისი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოპოვებაა.

„მეორე თვეა ვვარჯიშობ, გუნდათ ერთად ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ რომელიმე შეჯიბრში ჩავერთვები და ოლიმპიურ ლიცენზიას მოვიპოვებ“, - ამბობს ლაშა ტალახაძე სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ტალახაძე ასპარეზობს მძიმე (+109 კგ) წონით კატეგორიაში. ტალახაძე ფლობს ყველა დროის აბსოლუტურ მსოფლიო რეკორდებს როგორც ატაცში, ისე აკვრასა და ორჭიდის ჯამში.