12-13 ნოემბერს თბილისში საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაციის - „გზა შინისაკენ“ ორგანიზებით, საფეხბურთო ტურნირი „გზა შინისაკენ“ მეოთხედ გაიმართება.
წლევანდელ ტურნირში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აფხაზეთიდან, საინგილოდან (აზერბაიჯანის რესპუბლიკა), ფერეიდანიდან (ირანის ისლამური რესპუბლიკა) და ტაო-კლარჯეთიდან (თურქეთის რესპუბლიკა).
აღსანიშნავია, რომ ფერეიდნელ და თურქეთელ ჩვენებურებთან ერთად ტურნირში 2 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, ისტორიული ქართული კუთხიდან, საინგილოდან - “საინგილოს ალიაბადი” და “საინგილოს ითითალა”.
ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში (ისტორიული ელისენი) 15 ათასამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ბელაქნის რაიონის სოფელი ითითალა სოფელი მდინარე ალაზნის პირას მდებარეობს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს ესაზღვრება. ითითალაში 2000-ზე მეტი ინგილო ქართველი ცხოვრობს.
საფეხბურთო გუნდების შეხვედრები ვაკის საფეხბურთო სტადიონზე (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №49) 12 ნოემბერს დილის 10 საათიდან დაიწყება, ხოლო ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონია 13 საათიდან. ფინალური შეხვედრები 13 ნოემბერს გაიმართება. იმავე დღეს 14 საათზე საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
ტურნირზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია და თბილისში მცხოვრებ ინგილო ქართველებს შეუძლიათ დაესწრონ და უგულშემატკივრონ „საინგილოს“ საფეხბურთო გუნდებს.
ავტორი: გიორგი კერესელიძე
