ისრაელმა ირანის სარაკეტო საწარმოები დაბომბა

ისრაელის არმიის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელმა დარტყმები ირანის სარაკეტო საწარმოებზე განახორციელა.

„როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სუვერენულ ქვეყანას, ისრაელს აქვს პასუხის გაცემის უფლება და მოვალეობა“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ირანის რეჟიმი და მისი მარიონეტული ძალები რეგიონში განუწყვეტლივ ესხმიან თავს ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბრიდან.

„ჩვენი თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები სრულად არის მობილიზებული. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის ხალხის დასაცავად“, – ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე თქმით, ისრაელი იტოვებს უფლებას, თავი დაიცვას ირანის მხრიდან ახალი თავდასხმების შემთხვევაში.​​​​​​​​​​​​​​​​

„სიენენი“ იუწყება, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმების სამი სერია განახორციელა. მედიის ცნობით, ოპერაციაში 100 ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა. „სიენენის“ წყაროების ცნობით, ისრაელის ოპერაცია ამჟამად დასრულებულია.

ირანის განცხადებით, ისრაელის იერიშმა „შეზღუდული ზიანი“ გამოიწვია. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა „თავდასხმა განახორციელა სამხედრო ცენტრების ნაწილზე თეირანის, ხუზესტანისა და ილამის პროვინციებში.“

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმა წარმატებით იყო აღკვეთილი და მოგერიებული ირანის ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ.

„დღეს დილით ისრაელმა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის მიზნით განახორციელა თავდასხმა რამდენიმე სამხედრო ობიექტზე თეირანის, ხუზესტანისა და ილამის პროვინციებში. მიუხედავად ქვეყნის ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმატებული ჩარევისა და წინააღმდეგობისა, თავდასხმამ შეზღუდული ზიანი მიაყენა ზოგიერთ რაიონს, რომლის საბოლოო მასშტაბები ამჟამად შეფასების პროცესშია“, – ნათქვამია განცხადების ტექსტში, რომელსაც ირანის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.