აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე პირველი საარჩევნო უბნები გაიხსნა

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კონექტიკუტის, მენის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკისა და ვირჯინიის შტატებში პირველი საარჩევნო უბნები გაიხსნა. ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნება აღმოსავლეთ სანაპიროს სხვა შტატებშიც, მათ შორის კოლუმბიის ფედერალურ ოლქში.

უმეტეს შტატში ხმის მიცემის პროცესი 12-14 საათი გრძელდება. შტატების უმეტეს ნაწილში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება (თბილისის დროით დილის 05:00 საათზე).

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ სანაპიროზე რამდენიმე ე.წ. „მერყევი“ შტატია, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მწვავე კონკურენციას ექნება ადგილი. ასეთ შტატებს შორის არის ფლორიდა, პენსილვანია, ოჰაიო, მიჩიგანი, ჯორჯია და ჩრდილოეთ კაროლინა.

დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ირჩევენ.