2026 წლის 1-ელი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა იკრძალება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა აკრძალულია - ეს ჩანაწერი საქართველოს მთავრობის მიერ 288-ე დადგენილებით ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" დოკუმენტშია.

დადგენილების მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიმართვის საფუძველზე, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატს სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს.

სეს-ის ინფორმაციით, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად პირი ვალდებულია, მიმართოს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტები:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი, ვეტერინარის სერტიფიკატი ან შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2026 წლის იანვრამდე სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2030 წლის პირველ იანვრამდე განისაზღვრება.

"წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროგრამების/პროექტების (რომლებიც უშუალოდ არ ეწევიან ვეტერინარულ პრაქტიკას) ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე", - განმარტავენ სეს-ში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ვეტერინარის საქმიანობის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს: საერთაშორისო სტანდარტის ვეტერინარული სერვისების მიწოდებას, მოქალაქეებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://nfa.gov.ge