მწვანე ბარათის პროგრამის ახალი სარეგისტრაციო პერიოდი მალე გამოცხადდება - საელჩო

საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, მწვანე ბარათის პროგრამის ახალი სარეგისტრაციო პერიოდი მალე გამოცხადდება.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 16 სექტემბრიდან მწვანე ბარათის პროგრამის აპლიკაციის შევსება 1 აშშ დოლარით განისაზღვრა.

როგორც საელჩო განმარტავს, აღნიშნული თანხა რეგისტრაციისას შეგროვდება და მწვანე ბარათის პროგრამის წარმოებას მოხმარდება.

"შერჩევის შემთხვევაში მწვანე ბარათის გასაუბრების მოსაკრებელი იგივე დარჩა და 330 დოლარს შეადგენს. მწვანე ბარათის პროგრამის ახალი სარეგისტრაციო პერიოდი მალე გამოცხადდება. ამ ცვლილების ან მწვანე ბარათის პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.", - წერია საელჩოს ინფორმაციაში

როგორც წესი, მწვანე ბარათის გათამაშებაზე რეგისტრაცია ოქტომბერში იწყება და ნოემბრის ჩათვლით გრძელდება, შედეგების შესახებ ცნობილი კი მაისში ხდება. Diversity Visa, იგივე “მწვანე ბარათი” (Green Card) საბუთია, რომელიც აშშ-ში რეზიდენტის სტატუსს გაძლევთ. ეს კი ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას ნიშნავს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს საიმიგრაციო ვიზის პროგრამას. იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის (INA)-ს 203 (c) ნაწილის თანახმად გათვალისწინებულია ახალი ტიპის იმიგრანტთა მიღება იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ისტორიულად შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვს. აქამდე DV პროგრამაში მონაწილეობა უფასო იყო.