დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები გამკაცრდება - რა ცვლილებები იგეგმება სისხლისა და მისი კომპონენტების კანონში?
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 53
სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით, გამკაცრდება დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები. მოხდება სისხლით ვაჭრობის რეგულირება და უანგარო დონაციის წახალისება. ამოქმედდება სისხლისა და მისი კომპონენტების მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემა, ასევე სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესები.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.
"კანონის მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დონორობის კულტურის განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება.
ჯანდაცვის მინისტრმა ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები გააუმჯობესებს როგორც დონორთა, ისე პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებს და შექმნის გამართულ, ერთიან სისტემას ქვეყნის მასშტაბით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით აქვს",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
