სომხეთის პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანს გადადგომა მოსთხოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირს გადადგომა მოსთხოვა.

ამასთან, ფაშინიანს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.

„ძვირფასო თანამემამულეებო, პრესასა და სოციალურ ქსელებში მასობრივი განხილვის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევ გაცნობოთ, რომ ზოგიერთ მაღალჩინოსანს თანამდებობის დატოვება ვთხოვე“, - დაწერა დღეს, 18 ნოემბერს, ფაშინიანმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, მისი თხოვნის მიზეზი არა პირადი, არამედ სისტემურია, რის შესახებაც საჯაროდაც საუბრობდა.

სომხეთის მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, თანამდებობები დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საგამოძიებო და ანტიკორუფციული კომიტეტების და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა, ტერიტორიული მართვის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და უზენაესი სასამართლოს საბჭოს თავმჯდომარემ. 

15 ნოემბერს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სასამართლოსა და სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმების შედეგებს ვერ ხედავს.

დღეს, 18 ნოემბერს, ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ვატიკანში, სადაც რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება.