სებ-ი მოქალაქეებს აფრთხილებს კრიპტოვალუტა არარეგისტრირებულ VASP-ებში არ განათავსონ
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 50
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს ვირტუალური აქტივის მომსახურება არ განახორციელონ არარეგისტრირებულ სუბიექტთან. საუბარია ვირტუალური აქტივების პროვაიდერებზე (VASP-ებზე), რომლებიც სებ-ის მიერ არ არიან რეგისტრირებული. ამასთან, სებ-ი აცხადებს
"ბოლო პერიოდში, ეროვნული ბანკი რეგულარულად ახდენს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, შესაბამისი ნებართვის ან ავტორიზაციის გარეშე ახორციელებენ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება, მოიცავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება შესაბამისი შეზღუდვების გათვალისწინებით აქვთ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საბროკერო კომპანიებს.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი. გარდა ამისა, მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.
ასევე, "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. შესაბამისად, პირმა, რომელიც აპირებს განახორციელოს ვირტუალური აქტივის მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ქვეყანაში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რეგისტრაცია.
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების მიღებამ ისეთი სუბიექტისგან, რომელიც არ ფლობს ზემოაღნიშნულ რეგისტრაციას, შესაძლოა გამოიწვიოს მათი შეცდომაში შეყვანა და ფინანსური ზარალი. სებ-ი მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და უპირველეს ყოვლისა გადაამოწმოთ, მსგავსი პირის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები. ამასთან, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ვირტუალური აქტივის მომსახურებას ახორციელებენ ან შესაძლოა ახორციელებდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე. დანაშაულის შესაძლო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აღნიშნულ ინფორმაციას მიაწვდის სამართალდამცავ ორგანოებს.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების შესახებ ვრცელ ინფორმაციას, მათ შორის, რეგისტრირებული პროვაიდერების რეესტრსა და სამართლებრივ აქტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
პარალელურად, პარლამენტში დეპუტატების მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც VASP-ებზე სებ-ის ზედამხედველობას აფართხოებს.
VASP-ების რეგულირების საკითხები ქართულ კანონმდებლობაში 2022 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებებით შევიდა, რის შედეგადაც სებ-მა 2023 წელს VASP-ების რეგისტრაცია დაიწყო.
დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 27 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი და კიდევ რამდენიმე სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა დღეის მდგომარეობით შემოიფარგლება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგისტრაციითა და რეგისტრაციის გაუქმებით, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემოწმებითა და რეგულირებით, ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაციის განსაზღვრით.
