გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, რომელიც ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ გაუშვეს, გარდაცვლილი იპოვეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 58
გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ გოგობერიშვილი თანამდებობიდან თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ცემის შემდეგ გაუშვეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალებს შსს-ში ჯერ არ ამბობენ, თუმცა IPN-ი, რომლისთვისაც ფაქტი პირველ ეტაპზე გახდა ცნობილი წერს, რომ გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს.
14 ივლისს, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე ინფორმაცია გავრცელდა. წერილი გაავრცელა თავად ბაჩიაშვილმაც, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს ციხეში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს დაწესებულებაში.
დაწესებულებაში დაბრუნებულმა ბაჩიაშვილმა 14 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, მას N8 დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი შეხვდა და მეგობრულად ურჩია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის გაეხსნა ინფორმაცია მისი საბანკო ანგარიშების, კრიპტოვალუტის ბრუნვებისა და ანგარიშების შესახებ.
"2025 წლის 8 ივლისს 21:00 საათზე დამიბარა N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია, რომ ბ. ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა, აინტერესებდა, თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში როცა ჩემი და ასევე, ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყვდეული, ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე „გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში რომ პირობები დააყენო, ხომ იცი ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, “გიჟიც” და ნაკლებად “გიჟიც“. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე ეს მუქარად არ აღმიქვამს.
ფაქტიდან ერთი თვეზე მეტის შემდეგ, 21 აგვისტოს გოგობერიშვილი და მისმა მოადგილე გიორგი ქემოკლიძე თანამდებობიდან გაუშვეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, არსებობდა „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ შესაძლოა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.
22 აგვისტოს კი, "პარადი განცხადების საფუძველზე" პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემაც დატოვა თანამდებობა.
