13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა - ამონარიდი გამსახურდიას წიგნიდან
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 83
13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია, საკუთარი წიგნიდან ამონარიდს აქვეყნებს:
მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღე 1989 წლის 13 ოქტომბერია, როდესაც ბორითის კატასტროფამ დაასრულა მისი ამქვეყნიური გზა. ეს ამონარიდია ჩემი წიგნიდან “სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი, პალიტრა L, 2023, გვ. 343-344:
“1989 წლის ზაფხული მიიწურა. ამ დროისთვის ამ დროისთვიხ მერაბ კოსტავას სიცოცხლის დღეები უკვე დათვლილი იყო. ამა წლის 12 ოქტომბერს მერაბი ზურაბ ჭავჭავაძესთან და თამარ ჩხეიძესთან ერთად გაემგზავრა ქუთაისში, წვევამდელების საბჭოთა ჯარში გაწვევის პირობებთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, მანამდე ზვიადმა თავის მეგობარს რამოდენიმეჯერ სთხოვა, მორიდებოდა პირადი დაცვის გარეშე გადაადგილებას, როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ. მას არ ტოვებდა მოახლოებული საფრთხის შეგრძნება, თუმცა მერაბის აზრით, ეს გადამეტებული სიფრთხილე იყო. მომდევნო დღეს, როდესაც ისინი უკან ბრუნდებოდნენ, რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ბორითთან თამარ ჩხეიძის მიერ მართული მანქანა “ნივა”, რომელშიც იმყოფებოდა მერაბ კოსტავა ზურაბ ჭავჭავაძესთან ერთად, მოსახვევში ამოტრიალდა. ადგილზე მომხდარიდან მალევე დაიღუპა მერაბ კოსტავა, ხოლო სრულიად კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის შემდეგ მან დაახლოებით ერთ თვეს იცოცხლა.
რამდენადაც არ ჩატარებულა სერიოზული გამოძიება და საფუძვლიანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, დანამდვილებით არავინ იცის, რის გამო მოხდა ეს ავარია, ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო თუ ამის უკან საგულისხმოა ბოროტგანმზრახველის ხელი, რომელმაც ეს ყველაფერი ცივსისხლიანად დაგეგმა და განახორციელა. პასუხგაუცემელია კითხვები, რა იყო ის საგანი თუ სულიერი, რამაც წინ გადაუარა თუ გადაურბინა მანქანას, რის შემდეგაც მძღოლმა თამარ ჩხეიძემ მანქანაზე კონტროლი დაკარგა. შემთხვევითობა იყო თუ არა სულ რამოდენიმე ათეულ წამში სასწრაფოს გამოჩენა იქ, რომლის ექიმმაც მერაბ კოსტავას, რომელიც ჯერ კიდევ გონებაზე იყო (თუმცა ლაპარაკი უჭირდა) ნემსი გაუკეთა. ან დაიკითხა თუ არა გამოძიების მიერ აღნიშნული ექიმი. თავად თამარ ჩხეიძე დანამდვილებით ვერ ამბობს, იყო ეს ჩვეულებრივი ავტოკატასტროფა თუ განგებ მოწყობილი ავარია. მისი თქმით, მანქანაში იმდენად უხარისხო ბენზინი ესხა, რომ შეუძლებელია მანქანას მაღალი სიჩქარე განევითარებინა.
ამ დღეს მართლაც რთული იყო შოკიდან გამორკვევა და იმ დანაკარგის გააზრება, რომელიც განიცადა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ. ეს ყოველივე მთელი სისრულით თანდათან, წლების შემდეგ უფრო გამოიკვეთა. ბორითის დაცერებული, ცოდვიანი და უიღბლო დაღმართიდან ქვეყნის მომავალი უბედურება ამოილანდა. თემურ ქორიძე იგონებს: “ამ საშინელი ამბის შეტყობისთანავე ყველანი რატომღაც კოლხურ კოშკს მივაწყდით. ზვიადი შინ იყო, სახეზე ენით აუწერელი მწუხარება ეტყობოდა, ნამტირალევი თვალები ჩაწითლებოდა. “როგორ არ ეცადნენ ჩვენს დაცილებას და აჰა, მიაღწიეს კიდეც საწადელს”, - ჩუმად წარმოთქვა და თითქოს გაქვავდაო.
მომხდარი ყველაზე დიდი დანაკლისი ზვიადისთვის იყო …. მერაბი ის ადამიანი გახლდათ, ვის მიმართაც პატივისცემა გააჩნდა პრაქტიკულად ყველა ჯგუფს, ფრაქციას, პარტიულ წარმონაქმნს თუ ინდივიდს. მას შეეძლო პროცესებზე დიდი ზეგავლენის მოხდენა. …. ზვიად გამსახურდიას თქმით, მერაბი ეროვნული მოძრაობისთვის შეუცვლელი პიროვნება იყო, მისი სიმბოლო და დიდება. იგი რუსთველური გაგების კაცი იყო და ამას ამჟღავნებდა თავის ყოველ სიტყვაში, ყოველ საქმეში. იგი თითქოს იმ ძველი საქართველოდან გადმოხვეწილი კაცი იყო ამ მახინჯ თანამედროვეობაში.”
