ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. დღეს, ევროპარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის 26 კომისრისგან შემდგარი გუნდი დაამტკიცეს.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მხარი 370-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 282-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს.

ცნობისთვის, ახალ ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი კი სლოვენიელი დიპლომატი, მარტა კოსი იქნება.