5 000-მდე სტერილიზებული და ვაქცინირებული ძაღლი/კატა ბუნებრივ არეალში დაბრუნდა - სურსათის სააგენტო

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 5 111 ცხოველი იქნა აყვანილი და გადაყვანილი თავშესაფრებში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში შესრულდა 923 ძაღლისა და 24 კატის, იმერეთში – 1 844 ძაღლისა და 10 კატის, კახეთში – 2 246 ძაღლის, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტში – 64 ძაღლის აყვანა და შემდგომი ვეტერინარული მომსახურება.

ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში უკვე დააბრუნეს 4 772 ცხოველი, ხოლო 339 ცხოველი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება გარემოში.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი პროცედურები:

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
5 083 ძაღლსა და კატას გაუკეთდა იდენტიფიკაცია და საყურე ნიშანი (მათ შორის, 28-ს უკვე ჰქონდა სხვა ორგანიზაციის მიერ დადებული ნიშანი);
4 772 ცხოველი სტერილიზდა ან ჩაუტარდა კასტრაცია.
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა მოიცავს უპატრონო ცხოველების სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციასა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ცხოველთა პოპულაციის ეფექტიან მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფისა და სხვა ინფექციური დაავადებების პრევენციას, რაც საბოლოოდ ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისკენ არის მიმართული.

პროგრამა ამჟამად მოიცავს აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით.

სააგენტოს ცნობით, პროგრამის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მონაცემები მუდმივ რეჟიმში განახლდება და საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება.