გარდაიცვალა გორის საკრებულოს წევრი, რომელსაც „ალკოჰოლის უკანონოდ წარმოებას“ ედავებოდნენ
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 54
ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების საქმეზე ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი, რომელსაც 2 ნოემბერს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, გარდაიცვალა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ გორის მერიის სპორტის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გოგიჩაიშვილის გორის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ცნობილია, რომ ბორის გოგიჩაიშვილს სიმსივნე ჰქონდა.
გოგიჩაიშვილი გორში ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების საქმეზე ბიზნესმენთან და ყოფილ მოკრივესთან, გიორგი კანდელაკთან ერთად დააკავეს. ამავე საქმეზე პატიმრობაში იმყოფება კიდევ 5 პირი.
19 სექტემბერს TV პირველმა გაავრცელა ბორი გოგიჩაიშვილის ჩვენება, რომელშიც ის წერდა, რომ მას უაქციზო ალკოჰოლის წარმოება ერთ-ერთმა რუსულმა კომპანიამ დაუკვეთა, თუმცა მისი რუსეთში გაყიდვა ვერ შეძლო, რის გამოც საქართველოში დაიწყო კლიენტის მოძიება.
გოგიჩაიშვილის ჩვენების მიხედვით, ამ პროცესის შესახებ საქმის კურსში იყო გიორგი კანდელაკი, „რომელიც ასევე სრულად ჩაერთო ჩამოსხმული ალკოჰოლური ბრენდული სასმელის რეალიზაციის პროცესში“.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი დააკავა.
უწყება ამბობს, რომ ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
საგამოძიებოს ცნობით, საქმეზე საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.
