ყველის არარეგისტრირებული საწარმო პროცესის შეჩერების მიუხედავად მუშაობას აგრძელებდა - 2025 წლის სტატისტიკა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 38
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმო ხელმეორედ დააჯარიმა. ფიზიკური პირი თ.ბ. სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა ყველის წარმოებას, რის გამოც განმეორებით დარღვევაზე 5 000 ლარით დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რძისა და რძის გადამმუშავებელი საწარმოების კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტოს კახეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მოქმედ არარეგისტრირებულ საწარმოს ხელმეორედ შეუჩერეს საწარმოო პროცესი. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფიზიკური პირი თ.ბ. სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა ყველის წარმოებას. განმეორებითი დარღვევის გამო, მეწარმე დაჯარიმდა 5 000 ლარით.
გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კიდევ ერთი, ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს დედოფლისწყაროში.
ფიზიკური პირი მ.გ. (მისამართი: დედოფლისწყარო, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია) ყველს რეალიზაციის მიზნით აწარმოებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე. შედეგად, მეწარმე დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი შეჩერდა, ხოლო ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა.
2025 წლის სტატისტიკა: 45 არარეგისტრირებული წარმოება
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტორებმა ქვეყნის მასშტაბით 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს.
აქედან დაახლოებით 20 მეწარმემ უკვე მიმართა სააგენტოს და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.
