ფსიქოტროპულ წამლებზე 30%-დან 810%-მდე ფასნამატი ფიქსირდებოდა - სამინისტრო

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიკვეთა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კერძო იმპორტიორები მედიკამენტებს 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ყიდდნენ, რასაც დამატებით ემატებოდა საცალო სააფთიაქო ქსელების ფასიც. შედეგად, რიგ პრეპარატებზე ფასი „რეალურ ღირებულებასთან შედარებით 10-ჯერ მაღალი“ იყო.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი სახელმწიფომ გადაიბარა, წამლების ნაწილი 10-ჯერ გაიაფდა. უკვე დაფიქსირებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მომარაგება, ხოლო სააფთიაქო ქსელებში მარაგების შევსება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

რეფორმის ფარგლებში, უწყების ცნობით, ფასწარმოქმნის პროცესი „სამართლიანი და სისტემურად მოწესრიგებული“ გახდა. სახელმწიფომ დააწესა საბითუმო და საცალო ფასის გონივრული ზედა ზღვარი, რაც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფომ რიგ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან უკვე მიაღწია პირდაპირ შესყიდვებზე შეთანხმებას, რაც დამატებით შეამცირებს ფასებს კონკრეტულ პრეპარატებზე.

ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი. ასეთ პრეპარატებზე დანიშნულება ექმნება მხოლოდ ექიმის მიერ, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების დაცვით. ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში, უწყების განცხადებით, რეაგირება იქნება „კანონით განსაზღვრული და მკაცრი“.