Wizz Air ქუთაისიდან ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს - ფასი და განრიგი

Wizz Air ქუთაისიდან სლოვაკეთის დედაქალაქის, ბრატისლავას, მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

ახალი მარშრუტი 2026 წლის 12 იანვრიდან შესრულდება კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას – ავიაკომპანიის Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-სა და WIZZ აპლიკაციაში, ფასი კი 99 ლარიდან იწყება.

"მოხარულნი ვართ, რომ ქუთაისიდან ჩვენს ქსელს ამ ახალი, საინტერესო კავშირით ვაფართოებთ. ეს მარშრუტი ერთმანეთთან აკავშირებს ორ ისტორიულ, კულტურით მდიდარ ქალაქს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის კავშირებს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ეძლევათ, Wizz Air-ის განსაკუთრებული ფასებითა და მომსახურებით ისარგებლონ და გაეცნონ ბრატისლავას სილამაზეს", - განაცხადა Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა, სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ.

ცნობისთვის, Wizz Air-ი ქუთაისიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ დამატებული ლიონის მიმართულებით. 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებით იწყებს. 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, ავიაკომპანიამ თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.

2025 წელს Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით და ქუთაისიდან 6800 ფრენა შეასრულა, შესთავაზა 1.8 მილიონზე მეტი ადგილი (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტი) მოგზაურებს და მიიღო 1.5 მილიონზე მეტი ჯავშანი (6.7%-ით მეტი), ხოლო ფრენების შესრულების საშუალო მაჩვენებელმა 99.7% შეადგინა.