სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში მოსაკრებელი ₾4 500-დან 40 000 ლარამდე იზრდება - კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ადგილობრივი მოსაკრებლების სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, მთავარი სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურებისთვის მოსაკრებლის 4 500 ლარიდან 40 000 ლარამდე ზრდაა.

ცვლილებებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ინიციატივის ავტორი „ქართული ოცნების“ აპარატია, ხოლო ინიციატორებად საპარლამენტო უმრავლესობის 17 დეპუტატი არიან მითითებული. პაკეტი მომზადებულია თბილისის მერიის ჩართულობით.

კანონპროექტი ორ მიმართულებას მოიცავს:

ახალი მოსაკრებელი სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში
კანონპროექტით წესდება ახალი მოსაკრებელი იმ შემთხვევებისთვის, როცა:

მშენებლობა განხორციელებულია სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევით, ან საერთოდ სანებართვოს გარეშე და დამკვეთი აღიარებს ამ დარღვევას.

ამ შემთხვევაში „დაჩქარებული მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი აქტის გაცემაზე მოსაკრებელი იქნება: მინიმუმ 4 500 ლარი და მაქსიმუმ 40 000 ლარი.

მოსაკრებლის გადამხდელებად განისაზღვრებიან: ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ამხანაგობა ვინც კონკრეტული ობიექტის დამკვეთია.

ზუსტი ოდენობასა და გადახდის წესს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.

არსებულ მოსაკრებელზე ზღვრის ზრდა და ექსპლუატაციაში მიღების დაჩქარება
ამჟამად არსებული მოსაკრებელი, რომელიც მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების (ან დოკუმენტში ცვლილების) დაჩქარებულ მომსახურებას ეხება, 4 500 ლარია. ახალი რედაქციით მისი ზედა ზღვარი 40 000 ლარი ხდება.

დოკუმენტის მიხედვით, მიზანი ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაცია და მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი შემოსავლების უზრუნველყოფაა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით: ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტების ფუნქციონირების აკრძალვამ (გაზისა და ელექტროენერგიის მიერთების არდაშვებით) ზედამხედველობის მოთხოვნები გაამკაცრა.

გაიზარდა როგორც ექსპლუატაციაში მიღების, ასევე დარღვევის აღიარების შემთხვევებით მიმართვიანობა.

დაჩქარებული მომსახურებით მიღებული თანხები:

2023 – 106,400 ლარი
2024 – 170,900 ლარი
2025 (9 თვე) – 143,800 ლარი
მიმართვების რაოდენობა:

2024 წელს ექსპლუატაციაში მიღება – 1,107 ობიექტი
2024 წელს დარღვევის აღიარება – 219 ობიექტი
2025 (9 თვე):
• ექსპლუატაციაში მიღება – 1,124 ობიექტი
• დარღვევის აღიარება – 217 ობიექტი
მუნიციპალიტეტების განცხადებით, მზარდი სამუშაოს მოცულობა დამატებით ადამიანურ რესურსს მოითხოვს, რაც ახალი ტარიფებით დაფინანსდება.

ცვლილებები ემთხვევა დეცენტრალიზაციის 2020–2025 სტრატეგიას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებას მიზნად ისახავს.

პროექტის ავტორები ელიან, რომ ცვლილებებმა შეიძლება 1.1 მილიონ ლარზე მეტი დამატებითი შემოსავალი მოუტანოს მუნიციპალიტეტებს.

კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს და მას უკუძალა არ აქვს.