შავი პარასკევის პერიოდში კიბერთაღლითობა მკვეთრად აქტიურდება - საბანკო ასოციაცია

შავი პარასკევის პერიოდი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და დიდი ფასდაკლებებითაა დატვირთული. სწორედ ასეთ დროს იყენებენ კიბერთაღლითები სხვადასხვა თაღლითურ სქემებს მომხმარებლებისგან ფინანსური თუ სხვა ინფორმაციის გამოსაძალად.

რა შესაძლო საფრთხეები იმალება წლის დატვირთულ სავაჭრო პერიოდში და როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან?

ყალბი შეთავაზებები - ცნობილი ბრენდების თუ მაღაზიის სახელის გამოყენებით თაღლითები იტყუებენ მომხმარებელს ყალბ ვებ-გვერდზე და უბიძგებენ საბარათე მონაცემების შეყვანისკენ
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი Deep Fake - თაღლითებმა შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნან ან შცვალონ ვიზუალური და აუდიო მასალა იმგვარად, რომ მან რეალური ჩანაწერის შთაბეჭდილება დატოვოს. შედეგად, შესაძლოა საზოგადოებისთვის ცნობილი პირის ვიზუალური და აუდიო მონაცემებით თაღლითური ჩანაწერი, მაგალითად თაღლითური შეთავაზება გავრცელდეს
ტექნიკური მხარდაჭერის და ანგარიშის დადასტურების ყალბი შეტყობინებები - თაღლითები შესაძლოა დაგიკავშირდნენ ცნობილი კომპანიების სახელით, ტრანზაქციის ან ანგარიშის გადამოწმების მიზნით და მოგიწოდონ ფინანსური და საბარათე მონაცემების გაზიარებისკენ
როგორ დავიცვათ თავი:
არ მიჰყვეთ ბრმად და ნაჩქარევად ყველა სააქციო შეთავაზებას: სოციალურ მედიაში ნანახ რეკლამაზე გადასვლის ნაცვლად, საძიებო სისტემაში მოიძიეთ მაღაზიის ოფიციალური გვერდი, სააქციო შეთავაზების არსებობა იქ გადაამოწმეთ და შემდეგ, შეთავაზებით ოფიციალურ გვერდზე ისარგებლეთ
ონლაინ შესყიდვა, კომუნალური გადახდები, ამანათის მიღება ყოველთვის თქვენთვის ნაცნობ, არაერთგზის გამოყენებულ არხში განახორციელეთ
საგადახდო ბარათზე მხოლოდ შესყიდვისთვის საჭირო თანხა განათავსეთ - თქვენი დანაზოგი კი სხვა ანგარიშზე შეინახეთ და ბარათზე საჭიროებისას გადაიტანეთ
დააყენეთ განახლებები თქვენს მოწყობილობებზე - ონლაინ აქტიური ვაჭრობის პერიოდს დახვდით მომზადებული და ყველა თქვენს მოწყობილობაზე დააყენეთ ბოლო განახლება, რომ მაქსიმალურად დაიცვათ ისინი ვირუსებისა და მავნე კოდისგან
ენდეთ თქვენს ინსტინქტს - თუ შეთავაზება ზედმეტად სახარბიელოა, ის შესაძლოა თაღლითური იყოს