საქართველოს მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს

საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.

„მთავრობის დავალების შესაბამისად, ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის, ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.