დაბინძურება შემცირდა, ნალექმა და ქარმა მტვრის მასები გაანეიტრალა - გარემოს სააგენტო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 43
საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების შემცირების ტენდენცია შეინიშნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კლების მიზეზი პირველ დეკემბერს დაფიქსირებული მეტეოროლოგიური პროცესებია. დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილსა და აღმოსავლეთის გარკვეულ რაიონებში ნალექმა და დასავლეთის ზომიერმა ქარმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.
სააგენტოს განმარტებით, ბოლო დღეებში ქვეყანაში სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებულმა უდაბნოს მტვერმა მტვრის ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია გამოიწვია, რაც საქართველოსთვის პერიოდულად არის დამახასიათებელი. ვითარების ნორმალიზება ძირითადად ნალექზე, ქარზე და სხვა მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მომზადება ხდება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, მტვრის პროგნოსტიკული ცენტრებსა და ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. მონიტორინგი კი ქვეყანაში არსებულ ავტომატურ სადგურებზეა დამყარებული.
ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ინფორმაციას გაეცნოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge/
