15 იანვრიდან ბაგა-ბაღების თანამშრომლებსა და ბავშვებს ბარათების დაფიქსირება მოუწევთ - კახა კალაძე
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 72
აღრიცხვის ელექტრონული სისტემა თბილისის ყველა ბაგა-ბაღში 2026 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სისტემა, რომელიც საპილოტე რეჟიმში თბილისის 20 ბაგა-ბაღში სექტემბრიდან დაინერგა, მომავალი წლიდან ყველგან ამოქმედდება. ბაგა-ბაღების თანამშრომლებსა და აღსაზრდელებს დაწესებულებაში გამოცხადებისთანავე ბარათების დაფიქსირება მოუწევთ.
"თბილისის ბაგა ბაღებში საახალწლო არდადეგები გაგრძელდება 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე. 15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა ელექტრონული დაშვების სისტემის დანერგვა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბარათის წამკითხველებისა და შესაბამისი ვიდეოკონტროლის სისტემის მონტაჟი. გადამზადდნენ როგორც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სპეციალისტები პროგრამის მართვის მიმართულებით. იმართება საინფორმაციო შეხვედრები აღსაზრდელების მშობლებთან, რათა 2026 წლის 15 იანვრიდან ბავშვთა მიღება ბაღებში შეუფერხებლად განხორციელდეს.
გარდა ამისა, თითოეული აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ 8 პლასტიკური ბარათი, რათა დავაზღვიოთ ბავშვის აღრიცხვა ბარათის დაკარგვის ან სხვა შემთხვევაში. მეტი კომფორტისთვის სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გზით, ხელმისაწვდომი ხდება QR კოდის გენერირება და მისი დაფიქსირება ბარათის წამკითხველზე. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა გარემოება, რომელმაც შეიძლება, თავი იჩინოს ბავშვთა და თანამშრომელთა ელექტრონული აღრიცხვისას, იქნება ეს კონკრეტული სამუშაო განაკვეთი თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული დასწრების შესაბამისი გრაფიკი", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დანერგილი პროგრამა ზუსტად აღრიცხავს ბავშვთა და თანამშრომელთა დასწრებას, რაც სააღმზრდელო დაწესებულებას რესურსების დაზოგვაში დაეხმარება.
"ელექტრონული დაშვების სისტემა უაღრესად მნიშვნელოვანი მექანიზმია როგორც სააღმზრდელო პროცესის მართვის, ისე ფინანსების რაციონალიზაციის მიმართულებით. პროგრამა სიზუსტით უზრუნველყოფს როგორც დასაქმებულთა, ისე რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დასწრების აღრიცხვას.
ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება გამოიწვევს ადამიანური დროისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაზოგვას და გადაანაწილებს სხვა, უფრო მნიშვნელოვან საჭიროებებზე. სისტემა საშუალებას აძლევს სააგენტოს და მონიტორინგის სპეციალისტებს, თითოეულ ბაღში დასწრება და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ცენტრალიზებულად გადაამოწმოს", - განმარტა კალაძემ.
საქსტატის თანახმად, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, თბილისში 190 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც ჩართულ ბავშვთა რაოდენობა დაახლოებით 49 ათასამდეა. აღმზრდელ-პედაგოგების რაოდენობა კი 6.5 ათასზე მეტი.
