ავიაკატასტროფის შესახებ პირველი სამი დღის განმავლობაში რუსეთისგან ბოდვითი ვერსიების გარდა არაფერი გვსმენია - ილჰამ ალიევი

სამწუხაროდ, ავიაკატასტროფის შესახებ პირველი სამი დღის განმავლობაში რუსეთისგან ბოდვითი ვერსიების გარდა არაფერი გვსმენია , – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა:

„პილოტებმა გამოიჩინეს პროფესიონალიზმიც და გმირობაც. თუმცა, რა თქმა უნდა, პილოტები გამოცდილები იყვნენ და იცოდნენ, რომ ამ ავარიულ დაშვებას ვერ გადაურჩებოდნენ. თუმცა მგზავრების გადასარჩენად მათ დიდი გმირობა გამოიჩინეს და სწორედ ამის შედეგად არიან ავიაკატასტროფაში გადარჩენილები. სწორედ ამის შედეგად არ დაიწვა კორპუსის ნაწილი და სწორედ ამის წყალობით შეგვიძლია დღეს ცალსახად ვთქვათ, რომ თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო.

ერთ-ერთი პუნქტი, რამაც გული დაგვწყვიტა და გაგვაკვირვა იყო, რომ რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურების რაღაც გაზის ბალონის აფეთქების ვერსიებზე საუბრობდნენ. ამან ღიად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურს საკითხის მიჩქმალვა და ეს არავის მატებს ღირსებას. ჩვენი თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, განზრახ არ ჩამოუგდიათ. დანაშაულის აღიარება, მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის ოპერატიულად ბოდიშის მოხდა და ამის საზოგადოებისთვის მიწოდება – ყველა ზომა და ნაბიჯი, რაც საჭირო იყო, მიღებულია. სამწუხაროდ, პირველი სამი დღის განმავლობაში არაფერი გვსმენია რუსეთისგან, გარდა ბოდვითი ვერსიებისა.

ფაქტია, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი გარედან დაზიანდა რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გროზნოსთან და პრაქტიკულად დაკარგა კონტროლი. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი თვითმფრინავი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებმა უკონტროლო გახადა. ეს არის თვითმფრინავისთვის მიყენებული პირველი დაზიანება. ვიმეორებ, მას შემდეგ, რაც შავი ყუთები გაიხსნება და როცა მივიღებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას, ყველა დეტალი გაირკვევა. გაირკვევა ბევრი საკითხი, რომელიც დღესაც აჩენს კითხვებს. მაგალითად, რატომ ვერ დაეშვა თვითმფრინავი ქალაქ გროზნოში? რამდენად იმოქმედა რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებმა თვითმფრინავების კონტროლზე? რამდენად ეფექტური იყო ჰაერში ზემოქმედების და თვითმფრინავის მახლობლად აფეთქების შედეგები? ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ აშკარა ფაქტის უარყოფისა და ამ შემთხვევაში შენიღბვის მცდელობები არის აბსურდულიც და სისულელე.

უპირველესად, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. მეორე, უნდა აღიარონ მათი დანაშაული. მესამე, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და კომპენსაცია გადაუხადონ აზერბაიჯანის სახელმწიფოს, დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ეს არის ჩვენი პირობები. პირველი მათგანი გუშინ უკვე შესრულდა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სხვა პირობებსაც მიიღებენ. ყველა ეს პირობა სამართლიანია. ეს ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებასა და ადამიანის ნორმალური ქცევის პრინციპებს“