საყოველთაო ჯანდაცვა აღარ გავრცელდება ქვეყნიდან 6 თვით გასულ მოქალაქეებზე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, 2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის ვალდებული ხდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულიდან იმ პირების რეგისტრაცია შეაჩეროს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწყვეტად იმყოფებიან 6 თვით ან მეტი ვადით.

ამასთან, დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ანუ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით.

დადგენილებაში წერია ისიც, რომ ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.