მონტენეგროში, ცეტინიეში კაცი კაფეში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა - მოკლულებს შორის არიან ბავშვებიც

მონტენეგროში, ცეტინიეში კაცი კაფეში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. ინციდენტი 1 იანვრის ღამეს მოხდა.

როგორც ქვეყნის მაუწყებელი RTCG პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, დაწესებულებაში სტუმრების ხოცვა-ჟლეტისთანავე თავდამსხმელი გაიქცა. ის ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

საუბარია ადგილობრივ მცხოვრებ აკო მარტინოვიჩზე. პოლიციამ განმარტა, რომ ეჭვმიტანილი არ არის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და სროლა არ უკავშირდება კრიმინალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტს. მარტინოვიჩის მოტივი უცნობია.

"შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა დაწესებულებაში, ჩაიდინა დანაშაული და გაიქცა", - აცხადებენ პოლიციაში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დანიილ შარანოვიჩმა განმარტა, რომ თავდამსხმელმა დაწესებულების მფლობელი და მისი ორი შვილი მოკლა. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ დამნაშავემ ოჯახის რამდენიმე წევრის სიცოცხლე შეიწირა.