ზუგდიდამდე 75-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალის საპროექტო ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში 4-ზოლიანი მაგისტრალის განვითარებას გეგმავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ბაზრის მოკვლევა საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად დღეს გამოაცხადა. პროექტის ყველა ლოტის ჯამური სიგრძე 75 კილომეტრს შეადგენს და ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს სამტრედიის მიმდებარედ დაუკავშირდება.

"პროექტის მიზანია გზების დეპარტამენტისთვის სამტრედია-ფოთის კვანძი-ანაკლიის კვანძი ზუგდიდი-რუხის საავტომობილო გზის მონაკვეთებისთვის ტექნიკურად გამართული, კლიმატმედეგი და მშენებლობისთვის მზა პროექტის შემუშავება, ასევე მშენებლობის პერიოდში შეზღუდული მოცულობის საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევა. პროექტი იყოფა სამ მონაკვეთად: მონაკვეთი ა) სამტრედია-ფოთის კვანძის მონაკვეთი სავარაუდო სიგრძით 34.4კმ, მონაკვეთი ბ) ფოთის კვანძი-ანაკლიის კვანძის მონაკვეთი , სავარაუდო სიგრძით 23 კმ., და გ) ანაკლიის კვანძი - ზუგდიდი-რუხის მონაკვეთი, სავარაუდო სიგრძით 19,3 კმ,"- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამასთან, მითითებულია რომ უშუალოდ ანაკლიასთან მისასვლელი გზის 17-კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე დაპროექტებულია.

საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია სამეგრელოს ავტობანის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა 18 თვეს შეადგენს. დოკუმენტაციის თანახმად, დაიშვებიან მხოლოდ ის საინჟინრო კომპანიები, რომლებიც წარადგენენ საუკეთესო ფასს, გამოცდილების მხრივ კი მათ მოეთხოვებათ რომ პროექტის ლიდერს ჰქონდეს არანაკლებ 15-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო საგზაო პროექტების ინჟინერიის მიმართულებით, ანალოგიური გამოცდილება მოეთხოვება პროექტის საგზაო და ხიდების ინჟინრებსაც.

"კონსულტანტს 2015 წლიდან ინტერესთა გამოხატვის მიღების ბოლო ვადამდე, წარმატებით განხორციელებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 (ორი) ხელშეკრულება, თითოეული მინიმალური ღირებულებით 2,000,000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს მაგისტრალის/ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას,"- ნათქვამია სატენდერო აღწერაში.

კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 24 თებერვლამდე შეეძლებათ.

პროექტის სავარაუდო რუკა ანაკლიის კვანძის ჩათვლით - აღწერის თანახმად, ზუგდიდამდე მაგისტრალი 4-ზოლიანი იქნება, ანაკლიის დამაკავშირებელი გზა კი ორზოლიანი:

გარდა აღნიშნული პროექტისა, მთავრობა 2026 წელს ასევე გეგმავს ბადიაური–ბაკურციხის 31.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობას, რისთვისაც 2026-2029 წლებისთვის 576 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. იგეგმება აგრეთვე გურჯაანი–თელავის 36.6 კმ-იანი და წნორი–ლაგოდეხის 40.4 კმ-იანი მონაკვეთების პროექტირებაც.

2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობის დაწყებაც, რომელზეც 2026-2029 წლებში 1.3 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს.