ფსიქოტროპულების რეცეპტების გაცემა დასაბუთების და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე ხდებოდა - ჯანდაცვის სამინისტრო
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 50
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობზე იმსჯელეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლეს, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.
"საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.
საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქტროპული მედიკამენტების გაცემის მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვანია ექიმების როლი და პასუხისმგებლობა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შესწავლისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. იგეგმება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რათა მედიკამენტების არაკეთილსინდისიერად გაცემის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს და პაციენტების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. კონკრეტული საქმეები, შესწავლის მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. საბჭო კი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს", - იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო.
პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. ასევე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები.
საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.
წყარო: bm.ge
