კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

5 ქართველი მეზღვაური, რომლებიც 15 იანვარს კარიბის ზღვაში დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე მუშაობდნენ, 23 იანვარს ბათუმში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

აღნიშნული ტანკერი რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია, ის აშშ-ის სამხედრო ძალებმა ვენესუელასთან კავშირის გამო დააკავეს.
გამოცემის ცნობით, მეზღვაურები პუერტო-რიკოდან საქართველოში - პანამისა და სტამბოლის გავლით, გამოემგზავრნენ. მათი ქვეყანაში დაბრუნება შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო. 

მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველი მეზღვაურების სანქცირებულ ტანკერზე ყოფნა არ დაადასტურა და "რადიო თავისუფლებას" მისწერა, რომ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნაზე ინფორმაციას ამოწმებდნენ.