იმერეთში არალეგალური ყველის საწარმოები აღმოაჩინეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 56
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კონტროლის შედეგად, ყველის გადამმუშავებელი ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა შემდეგ ობიექტებზე:
სოფელი გეგუთი (წყალტუბო): ფიზიკური პირი საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სესის აღიარების გარეშე ეწეოდა. ინსპექტირებისას გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა და პროდუქციის მიკვლევადობის დარღვევა.
შპს „რაგო“ (სოფელი სამტრედია, ტყიბული): კომპანიას არ გააჩნდა სავალდებულო აღიარება და არ იცავდა მიკვლევადობის მოთხოვნებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო მათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სააგენტოს აღიარება სავალდებულოა. უწყების განცხადებით, სახელმწიფო კონტროლი სურსათის უვნებლობის მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
