"სამართლებრივი და პროტესტის გზით დავიცავთ 20 წლის მონაპოვარს" - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 43
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის განცხადებით, საუნივერსიტეტო საზოგადოებას დღეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოუცხადეს, რომ ილიას უნივერსიტეტის 97-98 პროცენტი, ფაქტობრივად, დაშალეს და დაანგრიეს.
დობორჯგინიძის თქმით, ეს არის არა მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა, არამედ ქვეყნის მომავლის განადგურება ისე, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არავინ აიღო.
„ამას ვერანაირად დავუშვებთ. წარმოიდგინეთ, ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ილიას უნივერსიტეტი არის უპირობო ლიდერი, ეს არის სოციალური მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო, თუ ზუსტი მეცნიერებები. ამ მიმართულებებიდან არცერთი არ დატოვეს მათ მიერ მოფიქრებული „საგანმანათლებლო ქალაქობანათი“. დასხდნენ ძალოვანი მინისტრები, რომლებსაც სხვა საქმე არაფერი აქვთ, განათლებაში ყველაფერი მოაწესრიგეს, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის მინისტრი, მერი, აჭარის მთავრობის მეთაური და დააკანონეს საქართველოში მეცნიერების დანგრევა. ამდენი ხანია, ვითხოვთ, გვითხარით, რა მტკიცებულებებს ეფუძნება თქვენი გადაწყვეტილება, არანაირი მტკიცებულებები არ გამოუქვეყნებიათ. დღეს გამოგვიცხადეს არარსებული ბაზრის კვლევა, რომელიც არასოდეს არავის გამოუქვეყნებია. გამოგვიცხადეს, რომ ამ არარსებული ბაზრის კვლევის საფუძველზე განსაზღვრავენ, როგორი უნდა იყოს საქართველოში ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.
მისივე თქმით, დღეს შეიკრიბა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები და გამოქვეყნდება შესაბამისი განცხადება.
„პრინციპულად არ ვეთანხმებით საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების დანგრევას. ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით დავიცავთ ამ 20 წლის მონაპოვარს. გადაწყვეტილების მიმღებლებს არანაირი შეხება არ აქვთ განათლებასთან. სიახლე როგორც კი დაანონსდა, იმავე დღეს გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რეფორმის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, უნდა დაწყებულიყო ინკლუზიური ღია დიალოგი. არარსებული ბაზრის კვლევა, არარსებული მტკიცებულებები, კვლევები საგანმანათლებლო სივრცის დანგრევას უნდა დაედოს საფუძვლად და ამას ნამდვილად არ დავუშვებთ.
„ქართული ოცნება“ მე-14 წლის თავზე აანონსებს რეფორმას, მაშინ როდესაც ამ მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ აქვს. ცხადია, ილიას პროგრამების 98%-ს თუ წაიღებენ, აღარ იქნება ეს ინფრასტრუქტურა საჭირო, მას გაყიდიან და ეს თქვეს კიდეც“, – აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა. როგორც აღინიშნა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე. საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.
