ლოს-ანჯელესში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა - რა ვითარებაა კალიფორნიაში?

კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა, რომელიც ქარისა და მშრალი კლიმატის გამო მალევე გავრცელდა 38 კვადრატულ კილომეტრზე, 31 ათასზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე ევაკუირებულია - ამის შესახებ Reuters იტყობინება.

ოფიციალურმა უწყებებმა კასტაის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ხანძარი პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს. სამხრეთ კალიფორნიის ძირითად ნაწილში, ცეცხლის გაჩენის მაღალი რისკის გამო, წითელი კატეგორიის გაფრთხილება მოქმედებს.

ხანძრის ახალ კერას რამდენიმე საათი დასჭირდა იმისთვის, რომ "იტონის ცეცხლის" 2/3 ზომამდე გაზრდილიყო, "იტონი" კი ლოს-ანჯელესის ცეცხლის კერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.

სამხრეთ კალიფორნიაში 9 თვის განმავლობაში არ მოსულა ძლიერი წვიმა, რაც ცეცხლის გასაჩენად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, წვიმა მიმდინარე კვირის ბოლოსაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება 7 იანვარს გაჩენილი ხანძრების მდგომარეობას, ბოლო ინფორმაციით, "იტონის ცეცხლი", რომელიც 57 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა, 91%-ით ლიკვიდირებულია, ხოლო 95 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელებული "პალისეიდის ცეცხლი" მხოლოდ 68%-ითაა მეხანძრეთა კონტროლის ქვეშ.

7 იანვარს გაჩენილ ხანძრებს ლოს-ანჯელესში 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზიანდა 16 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობაც. ოფიციალური მონაცემებით, საევაკუაციო გაფრთხილება 180 ათას ადამიანს შეეხო.

წინასწარი დათვლებით, ლოს-ანჯელესში ხანძრით გამოწვეული ზარალი $250 მილიარდს აღემატება.