ხვალ „თეკლათის“ სარკინიგზო გადასასვლელთან გზა 8 საათით დაიკეტება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 281-ე კილომეტრზე, ე.წ. „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები შეეხება ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის შეკეთებასა და სარკინიგზო გადასასვლელთან, საავტომობილო გზის მისასვლელების ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენას. აღნიშნული მონაკვეთი სენაკი-ქვალონის გადასარბენის მე-5 კმ პკ2-ში მდებარეობს.

სამუშაოების გამო, 2026 წლის 18 თებერვალს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სავალი ნაწილის დროებით ჩაკეტვა იგეგმება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზებზე.