აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 45
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ჩატარებული მოკვლევის შედეგად მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური პირი ზ.ბ. აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა საქონელს, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და, კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ დამხმარე სათავსოში დამუშავების შემდეგ, ახდენდა რეალიზაციას.
მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული საქონლის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
„ინდმეწარმე ა. მ. (მის: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. ყარაჯალარი) კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და შემდგომ რეალიზაციას ახდენდა. მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
„ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
