ინგილო ქართველებმა თბილისში მაღაზია გახსნეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 1051
საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებთან, რათა მოიზიდოს დიასპორული ინვესტიციები და ქართველ ემიგრანტებსა თუ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ ისტორიულ სამშობლოსთან - საქართველოსთან.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში ათიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, რომლებიც დისკრიმინაციული გარემოს, ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვის, სხვა არაერთი ჰუმანიტარული თუ სხვა პრობლემის (მათ შორის აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის 5-წლიანი დახურვისა და თვითმფრინავის ბილეთების სიძვირის) გამო დასაქმებისა და ბიზნესის წამოწყების მიზნით იძულებულნი არიან მასობრივად დატოვონ აზერბაიჯანის რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო მშობლიურ სახლებსა და ოჯახებს მხოლოდ წელიწადში 1-2-ჯერ ესტუმრონ. ქალაქ ნორილსკსა და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებში, ისევე როგორც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ბოლო წლებში ათასობით ჩვენი თანამემამულე გადავიდა საცხოვრებლად, სასწავლებლად, დროებით სამუშაოდ თუ ბიზნესის წამოწყების მიზნით.
ამ დღეებში აზერბაიჯანის მოქალაქე ერთ-ერთმა ინგილო ქართველმა ლიანა ხალაევამ (ძველი გვარი მალაგიშვილი) მისი მშობლიური კუთხის მკვიდრთა თანადგომით თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან ახლოს, ჯავახეთის ქუჩის 57-ში ქალისა და მამაკაცის სუნამოების მაღაზია გახსნა. იგი თხოვს როგორც ინგილო ქართველებს, ისე ყველა მსურველს ეწვიონ მის ახალ მაღაზიას, მხარი დაუჭირონ მის წამოწყებას, რომლის მოგების ნაწილსაც საინგილოს ქართველების მხარდაჭერისთვის გაიღებს.
ლიანა ხალაევა (მალაგიშვილი) ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდანაა, უკვე მრავალი წელია ამზადებს სხვადასხვა სახის სუნამოებს და გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი მომავალი ცხოვრება და საქმიანობა ისტორიულ სამშობლოს - საქართველოს დაუკავშიროს.
ავტორი: გიორგი კერესელიძე
