ჩარჩენილი მოქალაქეების ჩამოსაყვანად ხვალ ბანგკოკიდან ჩარტერული რეისი შესრულდება - დეტალები
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 54
11 მარტს, 19:30 საათზე ბანგკოკის დონ მუენგის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება.
როგორც კერძო ჩარტერის ორგანიზატორი ტურისტული კომპანია Wonderfly-ს დამფუძნებელმა, თამუნა ბოჯგუამ განუცხადა, რეისი უკვე დამტკიცებულია და თვითმფრინავი ხვალ, ინდოეთში საწვავისთვის ტექნიკური შეჩერებით, გაფრინდება თბილისში.
როგორც თამუნა ბოჯგუა განმარტავს, ჩარტერი Wonderfly-მ და მისმა პარტნიორებმა დააორგანიზეს. მისივე ინფორმაციით, ჩარტერით ქართველებთან ერთად, სომხეთის მოქალაქეებიც გამოფრინდებიან.
"ჩარტერი პირადად ჩემი და რამდენიმე მოქალაქის ორგანიზებითაა. ჩვენ დიდი ჯგუფი გვყავს, 43 ადამიანი გასტროტურით. ალტერნატივა ვერ ვნახეთ და როგორც მივხვდი, იქ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ეგრე არის. არა მხოლოდ ქართველები, სომხეთის მოქალაქეები ერთად გავერთიანდით. საქართველოს მთავრობა რაშიც გვეხმარებოდა იყო, რომ ბანგკოკის საავიაციოს თანხმობა მიგვეღო ჩარტერის დაფრენაზე. ჩარტერი ჩვენი მოპოვებულია, ადამიანები ჩვენი მოძიებულია. ძალიან გვეხმარება სომხეთის საელჩო, ავრცელებს ამ ინფორმაციებს. ბევრი სომეხი გვემატება. ჩვენ რა თქმა უნდა ყველას გვინდა დავეხმაროთ, პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ აქტიურად ვერ გავდივართ ხაზზე. საქართველოს საელჩო ვერც ჩვენ გვაძლევს ნომრებს და ვერც ავრცელებს ამ ინფორმაციას. რაშიც დაგვეხმარნენ არის ის, რომ ფრენაზე თანხმობა მიგვეღო, საგარეომაც გააგზავნა ოფიციალური ნოტა და ვინც ურეკავს ჩემს საკონტაქტოს აძლევენ, მაგრამ დანარჩენზე, როგორც გვითხრეს, უფლება არ აქვთ, რომ უშუალოდ გაავრცელონ ან მომცენ, მაგალითად საკონტაქტოები იქ მყოფი ადამიანების. ამ ეტაპისთვის რა გამოწვევაც გვაქვს, რადგან ერთი დღით ადრე დაინიშნა ჩარტერი, ყველა ბუნებრივია დეტალებს ელოდებოდა, ზოგი ინდოეთში იმყოფება, ზოგი კუნძულებზე იმყოფება და უნდა ჩამოფრინდნენ ბანგკოკში და ვცდილობთ ხალხის მობილიზებას, იმიტომ რომ ის თანხა, რომელიც ჩარტერმა შემოგვთავაზა ერთ პერსონაზე, არის 150 ადამიანის შემთხვევაში. 100 ადამიანზე მარტივად ავედით. ახლა მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება, რომ ჩარჩენილ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა მაქსიმალურად.
მთავრობა რასაც გვეუბნება არის ის, რომ გზები არსებობს და მშვიდობიანი ცის ქვეშ ხართ და გაფრინდითო. გზები ისაა, რომ ახლა ექიმი გვყავდა ქალბატონი და აუცილებლად უნდა წასულიყო და 8 000 ლარად ერთი ბილეთი ძლივს ვიშოვეთ ყაზახეთიდან და არ მგონია ყველასთვის მისაღები იყოს ეგეთი გზები და რომც იყოს, ფიზიკურად არ არის ამდენი ადგილი. 15-ში და 16-ში, რომ არის ფრენა იქამდე როგორ უნდა იცხოვრონ, სასტუმროს ფული როგორ გადაიხადონ ადამიანებმა. ჩვენი კომპანია რამდენიმე ადამიანს ჩვენი სახსრებით ვაცხოვრებთ და საელჩოს რომ მიმართავ, გეუბნებიან რომ არ ვიცით რით დაგეხმაროთო და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს თავზე აგვეღო",- ამბობს თამუნა ბოჯგუა.
ჩარტერულ რეისზე დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით - თამუნა ბოჯგუა: 571 00 35 71 (WhatsApp)
წყარო: bm.ge
