ტრამპი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

თეთრი სახლის წარმომადგენლების ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 6 თებერვალს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სანქციებს დაუწესებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) იმის გამო, რომ "აშშ და მისი მოკავშირეები, მათ შორის ისრაელი, მიზანში ჰყავს აყვანილი".

როგორც წერს NBC News ბრძანება ფინანსურ და სავიზო სანქციებს დააწესებს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ ICC-ის გამოძიებებს აშშ-ის მოქალაქეების ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

NBC News-ის მიერ მოპოვებული ბრძანების თანმხლები საინფორმაციო დოკუმენტის მიხედვით, თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ სასამართლო უსამართლოდ მოქმედებს და არაკანონიერად ცდილობს ამერიკისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოძიების წარმართვას.

ამჟამად ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

10 იანვარს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო, სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.