აბიტურიენტის ცნობარი აპრილში გამოქვეყნდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი არ გადაიწევს - სამინისტრო

აბიტურიენტის ცნობარი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა ტიპის ინფორმაციას შეიცავს, აპრილში გამოქვეყნდება.

ამის შესახებ BMG-ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

აბიტურიენტის ცნობარი, რომელიც წინ უსწრებდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაციის დაწყებას, წინა წლებში, ძირითადად, მარტის დასაწყისში ქვეყნდებოდა, მაგრამ წელს, ამ დრომდე არაა გამოქვეყნებული.

სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ - ამ ინფორმაციას შეიცავს აბიტურიენტის ცნობარი. ასევე ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტის ცნობარის გამოქვეყნების ვადამ გადაიწია, გივი მიქანაძის უწყებაში აცხადებენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი არ გადაიწევს და გამოცდები წელსაც ივლისში დაიწყება.

“უახლოეს მომავალში გამოცდების და შეფასების ცენტრი გამოაცხადებს დეტალებს, მათ შორის თარიღებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით“, - განაცხადეს სამინისტროში.

განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პროგრამები რეაკრედიტაციას არ საჭიროებენ.

„აკრედიტაციის დებულების თანახმად, ახალი აკრედიტაცია პროგრამას უწევს, თუკი, პროგრამაში შეიცვალა მისანიჭებელი კვალიფიკაცია ან სწავლების ენა. საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურაში, შედეგებში ან მიზნებში ცვლილებების შეტანა უნივერსიტეტს შეუძლია აკრედიტაციის პერიოდში განახორციელოს, რის თაობაზეც უნდა აცნობოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც აკრედიტაციის მონიტორინგის ფარგლებში გადაამოწმებს განახლებული პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ცვლილების თაობაზე, ცენტრმა შეიმუშავა თვითშეფასების ფორმები, რომლებიც გაუზიარდა ყველა უნივერსიტეტს. თვითშეფასების ანგარიშების ცენტრში წარმოდგენის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად: საბაკალავრო პროგრამებისთვის - 2026 წლის 1 მაისი, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - 2026 წლის 1 ივლისი. შესაბამისად, უნივერსიტეტებმა აღნიშნულ ვადებამდე ცენტრში უნდა წარმოადგინონ ანგარიშები პროგრამებში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე“, - აცხადებენ სამინისტროში.