გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს - მსოფლიო პატრიარქი
- Details
- By რუსა ხავთასი რუსა ხავთასი
- Hits: 196
შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა, სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა, ბართლომეოს პირველმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა.
როგორც ბართლომეოს პირველმა აღნიშნა, ილია მეორე იყო ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად ანაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას.
„უნეტარესნო და უწმინდესნო, ღვთის წმინდა ადგილობრივი ეკლესიათა ყოვლად სამღვდელონო წარმომადგენელნო, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, შიო, დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დამწუხრებულნო პატივცემულო მღვდელმთავარნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა ივანიშვილო, თქვენო აღმატებულებავ, ქვეყნის ხელისუფალნო, სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობათა და რელიგიათა პატივცემულო წარმომადგენელნო, თქვენო აღმატებულებავ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო თბილისის მერო, ყოველი ხარისხის ყოვლად ღვთისმოსავნო ბერნო და მონაზონნო, ღვთისმოსავო საქართველოს ერო, როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღმრთის მოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული მცხეთა-თბილისის მთავარეპიკსოპოსისი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ჩვენგან განშორებას. საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობისსაღრმთო მადლი. პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი, ყოვლად კეთილსა და ერისმოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი, ღვთისმომიში“, განაცხადა ბართლომეოს პირველმა.
როგორც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, „ქართველი ერი მოაკლდა თავის მოსიყვარულე მამას, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღრმთის მიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისთვის“.
„წმინდა მოციქული ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღრმთისმოსავიმემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს. შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა, სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ. ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად ანაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას“, – განაცხადა ბართლომეოს პირველმა. ქრისტეს და მისი ეკლესიის მსახურებას ადრეულ ასაკში მიუძღვნა თავი, როცა იდევნებოდა სარწმუნოება, როცა ათეიზმის კანონით იყო დამკვიდრებული და ძალადობრივად ბატონობდა. მან შეძლო, შეენარჩუნებინა სიბრძნე და უმანკოება სახარებისეული სიტყვების მიხედვით. ის გულმოდგინედ მოღვაწეობდა სათნოებასა და საღმრთო ქმედებების საქმით აღსრულებაში. იწვრთნებოდა, ვითარცა მორწმუნე მსახური ქრისტესი და მნე ღმრთის საიდუმლოთა. მთელი მისი ცხოვრება იყო მრავალმხრივი მოწმობა მართლმადიდებელი სახარებისეული და ჭეშმარიტების ნამდვილი გამოცდილებისა. ამის გამო, ღმერთმა ადრევე არწმუნა მას ჯერ მღვდელმთავრობის, ხოლო ძალიან მალე პატრიარქობის დიდი პასუხისმგებლობა, ნეტარხსენებულ დავითის მემკვიდრედ. მან განაბრწყინა მისი წმინდა საღმდელმთავროონოფორი და საპატრიარქო ტახტი 49 წლის განმავლობაში, როგორც ამ ეკლესიის 141-ე პატრიარქმა. არ დარჩენილა საქართველოში ეკლესიური, საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების არც ერთი სფერო, სადაც მას პიროვნების თვალსაჩინო და სასარგებლო კვალი არ დაეტოვებინა. ღვთისმოსავი და თავმდაბალი, ღვთისმსახურების მოყვარე, სასულიერო წოდების ღირსების მქონე, ძმათმოყვარე, მშვიდობისმყოფელი და შემრიგებელი, უშუალო და კეთილგანწყობილი, ტკბილის ქცევითა და სიტყვით, მრავალმხრივ განსწავლული და უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და შემოქმედი ბუნების. გამორჩეული ნიშნით ხატწერაში, ფერწერასა და მუსიკალურ შემოქმედებაში, ასევე ხუროთმოძღვერებაში.
ვინახავთ კეთილ მოგონებებში განსვენებულ წმინდა ძმასთან ჩვენს სასიამოვნო და ნაყოფიერ ურთიერთობებს, თანამწირველობას, მართლმადიდებელ მწყემსმთავართა იმ შეკრებების ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებს, რომელთაც ჩვენ სათანადო წესით პერიოდულად ვიწვევდით, განსაკუთრებით კი, 2014 წლის მარტის შეკრებას, რომელიც მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, დიდებული საპატრიარქო თანამსახურებით დაგვირგვინდა. ისევე როგორც ჩვენი სხვა ძმური კავშირები და ურთიერთობები, მისი უღრმესი პატივისცემა მსოფლიოს საპატრიარქოსადმი და ჩვენდამი, მრავალგვარად გამოხატული მისი ძმური სიყვარული, სრულად იქნა დაფასებული. მას ჰქონდა ჩვენდამი განუყოფელი პატივისცემა, გულსავსე სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, რის გამოც ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არცთუ შორს მიმდინარე მრავალი ცრემლის მომგვრელი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან, რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა, ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის რჩეული პიროვნება, ჩვენი ფრიად საყვარელი, პატივცემული ძმა და თანამწირველი, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე.
გამხნევდით, ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს. სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია, რამეთუ მართალნი მკვდარნიც ცოცხლობენ, იგი ცოცხლობს იქ, სადაცაა უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილონნი და ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ესეიგი, ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლად ნათელ სასუფეველში, რომლის საპატივცემულოდ თბილისში წმინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღიმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ ასიათას მოწამესთან ერთად. მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ, კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. და გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენ შორის იყო და აქვს მას კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე, თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას, გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ლიტურგიულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია. მრავალხნიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე, ქრისტე აღდგა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, ამინ“, – განაცხადა ბართლომეოს პირველმა.
